არესტოვიჩი საკმაოდ გულწრფელად და დეტალურად აღწერს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
რამოდენიმე წლის წინ მას სხვა პოზიცია ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ომის მწარე რეალობა აფხიზლებს ადამიანებს.
რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს საშუალო სტატისტიკური პროდასავლელისთვის - საქართველო ვერასოდეს ვერ შევა ვერც ევროკავშირში და მითუმეტეს ნატოში.
34 წელია ამას ვცდილობთ, მაგრამ სამწუხაროდ ერთ ადგილს უშედეგოდ ვტკეპნით, უფრო სწორედ, უკან მივდივართ მთელ რიგ საკითხებში (ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, დემოგრაფია, ეკონომიკა და ა.შ.)
საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში შეუძლებელია სუფთა ობიექტური ფაქტორთა გამო, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, თურქეთ-რუსეთის პოზიცია და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავად დასავლეთს არ ჭირდება ეს სინამდვილეში.
საქართველო, დასავლეთის გეო-პოლიტიკურ ხედვებში, რუსეთის საზღვართან, მათ მიმართ ლოიალური ბუფერის ფუნქციას ასრულებს. როგორც ჟოზეფ ბორელმა ერთხელ ისაუბრა, ევროპა არისო ბაღი, ხოლო მის გარშემო ჯუნგლები. ხოდა, იმისთვის რომ ბაღი ჯუნგლებად არ გადაიქცეს, საჭიროა ბუფერული ზონები.
(შეგახსენებთ, ბუფერული ზონა არ გულისხმობს არსად წევრობას)
ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, გეო-პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია ძალის პროექცირების შესაძლებლობა.
შეუძლია დასავლეთს კავკასიის რეგიონში სამხედრო ძალის გამოყენება?
არა, არ შეუძლია, პირველ რიგში მათ რიგებში არ არსებობს ამის პოლიტიკური მზაობა (წარმოადგინეთ რა რეაქცია ექნება სტანდარტულ ამერიკელ/გერმანელ/ფრანგ მოქალაქეს, საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ ჯარის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია რომ გაიგოს. ამ იდეის ავტორი პოლიტიკოსი ავტომატურად წააგებს არჩევნებს).
და რაც ყველაზე მთავარია, რომც არსებობდეს მზაობა, სუფთა ტექნიკურად ეს შეუძლებელია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო ძალის პროექცირება მხოლოდ ორ რეგიონალურ მოთამაშეს შეუძლია, რუსეთს და თურქეთს.
ამ ორ ქვეყანას წმინდა გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მეზობელები არიან, ტექნიკურად სამხედრო უპირატესობა გააჩნიათ.
ისევე როგორც, მაგალითად აშშ-ს, რუსეთთნ მიმართებაში, სამხედრო უპირატესობა აქვს კარიბის რეგიონში, წყნარ ოკეანეში, დასავლეთ ევროპის რეგიონში, ჩინეთს თავის სამეზობლოში და ა.შ.
(1921 წელს სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე დათმო ანტანტამ საქართველო, და ეს ლოგიკა დღემდე აქტუალურია)
ცხადია, ძალიან ძნელია ამ რეალობის მიტანა იმ ადამიანებამდე, რომლებსაც 34 წელი, სახელმწიფო/მედია/საზოგადოება, ყველა დონეზე, კონსტიტუციიდან დაწყებული, საბავშვო ბაღამდე დამთავრებული საპირისპიროს უნერგავდნენ.
რთულია დაანგრიო მრავალწლიანი კოლექტიური ვარდისფერი სამყარო, სადაც ყველაფერი მხოლოდ ჩვენს სურვილებზე და მინდაზეა აწყობილი, სადაც სადმე ინტეგრაციას ქუჩაში პროტესტი შველის, სადაც რუსეთის ჯარი ფეისბუქ ჰეშტეგებით, სიმღერებით და ბანერზე, "რუსეთი ოკუპანტია" წარწერით მარცხდება.
არ არის მარტივი აზრზე მოიყვანო საზოგადოება, სადაც "ზღაპრის ბოლო კეთილია" რატომღაც ყოველთვის აპრიორია.
ცალკე პრობლემაა ათასობით ადამიანი, ქართულ სოციუმში გაჩენილი მთელი კლასი, რომელიც ამ ვარდისფერი სამყაროს არსებობით უბრალოდ ფინანსურ სარგებელს იღებს.
(დასავლეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსები, მედიები, ნჯო-ები)
რაც შეეხება მთავრობას, ის თავად იყო ამ უტოპიური ზღაპრის ნაწილი, დიდწილად თვითონ შექმნა და გამოკვება, ხოდა, რა გასაკვირია ამხელა ბუშტის გასკდომას "ფრანკენშტაინი" რომ აუჯანყდა...