ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება აფხაზეთში. დღეს აფხაზურმა ოპოზიციამ შტურმით აიღო პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლე.
აფხაზური პოლიტიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, მსგავსი პროცესები არ არის სიახლე, თავის დროზე ამჟამინდელი პრეზიდენტიც ანალოგიური "საპროტესტო გზით" მოვიდა ხელისუფლებაში. ზოგადად, აფხაზეთში, პოლიტიკური სპექტრი ორ ერთმანეთთან დაპრირისპირებულ კლანად არის დაყოფილი, რომლებიც სისტემატიურად ენაცვლენიან ერთმანეთს.
ერთი შეხედვით ქუჩიდან ინსპირირებულ მორიგ სახელისუფლებო კარუსელს ვადევნებთ თვალს, თუმცა ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულადაა.
აფხაზეთში კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც იქაური საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბჟანიას მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებისგან მთელი რიგი ვალდებულებები აიღო.
ეს ვალდებულებები ეხებოდა ვრცელ ცვლილებებს აფხაზურ კანონმდელობაში.
გასაგები რომ იყოს, მოსკოვს მობეზრდა სოხუმთან ცალმხრივი "სიყვარული", (მოგეხსენებათ, აფხაზეთი მთლიანად დოტაციური "რესპუბლიკაა", მისი უსაფრთხოება, პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური მდგრადობა 100% კრემლის მიერ არის უზრუნველყოფილი), და აფხაზეთის მთავრობას მოსთხოვა მრავალ კომპლექსური რეფორმების გატარება, რათა რუსეთის ბიზნესს აფხაზეთში "ლეგალურად" ემუშავა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი ფინანსური დახმარებების შემცირებით დაიმუქრა.
(თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთზე დამოკიდებულ, სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწის/ქონების შეძენა და ბიზნესის წარმოება საკანონმდებლო დონეზე შეზღუდულია, რაც რუსების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს ).
ბჟანიას მთავრობა ცდილობდა ამ კანონების მიღებას, თუმცა ოპოზიციამ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.
ოპოზიციის ნარატივი მარტივია, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ კანონების მიღების შემთხვევაში აფხაზური მხარე მათთვის მინიჭებულ პრივილეგიებს დაკარგავს და რუსეთი მთლიანად გადაყლაპავს მათ.
მოვლენების შინაარსობრივ და გეო-პოლიტიკურ კონტექსტზე რომ გადავიდეთ, ფაქტია, მოსკოვი აფხაზეთისადმი საკუთარ მიდგომებს ცვლის და ათეული წლის განმავლობაში დამკვიდრებულ ურთიერთობებს, სადაც რუსეთის მხრიდან აფხაზებს ყველაფერი მისდიოდათ და საპასუხოდ არაფერი, მისთვის უფრო მომგებიანად აკორექტირებს. რაც პროტესტს იწვევს "მუქთად" არსებობას მიჩვეულ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში.
ერთი მხრივ შესაშურია, რომ მცირე ერი, რომელიც ას ათასს თუ შეადგენს, რომელსაც ავტონომიური არსებობისთვის პრაქტიკულად არანაირი ხელშესახები რესურსი არ გააჩნია, ამხელა სუპერ სახელმწიფოს მაინც ეჭიდავება საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
მეორე მხრივ გულდასაწყვეტია, რომ ქართული სახელმწიფო და ხელისუფალი ამ პროცესების პასიური მაყურებელია.
უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე აღებული აფხაზეთი, დანარჩენი საქართველოს გარეშე რუსეთისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. აფხაზურ ფაქტორს მოსკოვი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესაჩერებლად იყენებს. აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ შედის რუსეთის ინტერესებში, მეტსაც გეტყვით, "აფხაზური სახელმწიფოებრიობა" შინაარსობრივად მკვეთრად ანტირუსულია და მოსკოვისთვის გარკვეულწილად საშიშიც კი არის, მისი პროთურქული სენტიმენტებიდან გამომდინარე. (თუმცა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ამერიკული ბაზების პოტენციური გამოჩენა მის ტერიტორიაზე გაცილებით უფრო დიდი საფრთხეა მოსკოვისთვის, ვიდრე მისი გავლენის ქვეშ მყოფი "აფხაზური სახელმწიფო", თუნდაც რუსოფობიით, მუქთახორობით და თურქული გავლენებით).
რომ შევაჯამოთ, ნებისმიერი უთანხმოება მოსკოვსა და სოხუმს შორის, ობიექტურად, ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და შესაძლებლობების ფანჯარას ქმნის.
(მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჭრილში).
ოღონდ ამ მუშაობას სჭირდება სისტემური სტრატეგია და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც სამწუხაროდ ქართული მხრიდან ვერ ვამჩნევთ...